1980 წელს შეიქმნა ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „მთიები“, რომლის დამაარსებელი და ხელმძღვანელი გახლდათ ახალგაზრდა მუსიკოს–ფოლკლორისტი _ შემდგომში თვალსაჩინო ეთნომუსიკოლიგი ედიშერ გარაყანიძე. „მთიები“ სხვა ანსამბლებისაგან მალევე გამოირჩა თავისი შემოქმედებითი პრონციპებით, რამაც იგი აუთენტური მიმართულების პიონერად აქცია საქართველოში. ანსამბლის უმთავრეს პრინციპთაგანია ფოლკლორული ნიმუშის ისე შესრულება, როგორც მას ასრულებდნენ ან ნაწილობრივ, დღესაც ასრულებენ ჩვეულ ეთნოგრაფიულ გარემოში; „მთიების“ შესრულებულ სიმღერებში დაცულია სათანადო კუთხისათვის დამახასიათებელი შესრულების მანერა და ტონური სისტემა; სოფლელი შემსრულებლების მსგავსად, ანსამბლის წევრები სიმღერასთან ერთად ცეკვავენ და უკრავენ სხვადასხვა საკრავზე; „მთიებმა“ დაამკვიდრა სცენაზე სადა ფერხულებისა და გაშაირების ხალხური ტრადიცია. „მთიებმა“ სცენაზე პირველმა გააცოცხლა ე. წ. თურქეთის საქართველოს ფოლკლორიც. მჭიდრო კავშირი სოფლელ შემსრულებლებთან, და საერთოდ ქართულ სოფელთან, ანსამბლის შემოქმედების განუყოფელი ნაწილია. ფოლკლორის ნიმუშების ჩაწერის მიზნით მოწყობილი ექსპედიციების გარდა, „მთიების“ წევრები 1980–იანი წლებიდან მოყოლებული ყოველწლიურად დადიან საქართველოს სხვადასხვა კუთხეში „ალილოსა“ და „ჭონის“ წეს–ჩვეულების აღსასრულებლად, რის შედეგადაც არაერთ სოფელში აღდგა ეს უძველესი ტრადიცია. „მთიები“ ბევრს მოგზაურობს საქართველოს საზღვრებს გარეთაც: მართავს კონცერტებს, ატარებს ქართული სიმღერის გაკვეთილებს. არის არაერთი საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი. „მთიებს“ გამოშვებული აქვს ხუთი კომპაქტ–დისკი. ანსამბლზე გადაღებულია დოკუმენტური ფილმი (რეჟ. დიმიტრი გუგუნავა). 2001 წლიდან „მთიებს“ გიორგი გარაყანიძე ხელმძღვანელობს. მან 2003 წელს განაახლა ანსამბლი და ჩამოაყალიბა ქალ–ვაჟთა შერეული ჯგუფი, რომლის წევრებიც აუთენტურ შემოქმედებით პრინციპებზე აღიზარდნენ სტუდია „ამერ–იმერში“ და რომლებიც დღეს, უფროს თაობასთან ერთად, ედიშერ გარაყანიძის სახელობის ეთნომუსიკის თეატრ „მთიებში“ არიან გაერთიანებულნი. „მთიები“ სცენაზე პირველყოფილი უშუალობით წარმოადგენს ქართველი ერის მიერ საუკუნეების მანძილზე შექმნილ მუსიკალურ ნიმუშებს, რომლებიც ქართულ ეთნოგრაფიულ გარემოში წეს–ჩვეულებების, რიტუალებისა და სხვადასხვა ცხოვრებისეული მომენტის განუყოფელი ნაწილია და თანხლებულ ცეკვა–ფერხულებთან ან მსვლელობებთან ერთად თეატრალიზებულ სანახაობას ქმნის.